თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის შეჩერების ისტორიული პასუხისმგებლობა გვაქვს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის შეჩერების ისტორიული პასუხისმგებლობა გვაქვს

ჩვენ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის შეჩერების ისტორიული პასუხისმგებლობა გვაქვს, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა.

„კონფლიქტის დაწყებიდან 109 დღის შემდეგ სირცხვილია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ჯერ კიდევ არ შეუძლია, შეაჩეროს სისხლისღვრა ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე. ღაზა ადრე ღია ციხე იყო, ახლა ის არის ბრძოლის ველი, სადაც ისრაელის პრემიერ-მინისტრი აწარმოებს სამხედრო ოპერაციებს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობისთვის, რათა გააგრძელოს თავისი პოლიტიკური ცხოვრება. არგუმენტი იმის შესახებ, რომ მიმდინარე ომი ისრაელისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება, შორს არის დამაჯერებლობისგან, თუმცა ამ არგუმენტის მომხრეები არასოდეს საუბრობენ პალესტინელების უსაფრთხოებაზე და არც პალესტინის თავდაცვის უფლებაზე“, – განაცხადა ფიდანმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც რეგიონში არსებულ ვითარებას ეხებოდა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ისრაელი „ჩადის სერიოზულ სამხედრო დანაშაულებს“ და ამაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ საერთაშორისო სამართალსა და წესებზე დაფუძნებული წესრიგისადმი რწმენის აღსადგენად.

„თურქეთი სერიოზულად არის შეშფოთებული ცნობებით, რომ ღაზაში ისრაელის სამხედრო დანაშაულები, შესაძლოა, გენოციდად იქცეს. ჩვენ გვაქვს ისტორიული პასუხისმგებლობა ამ ომის შეჩერებისთვის“, – აღნიშნა ფიდანმა.

ჰაკან ფიდანის განცხადებით, თურქეთი გამუდმებით „აფრთხილებდა“ ამ კონფლიქტის გავრცელების რისკების შესახებ, ახლა კი ეს რისკი რეალობად იქცა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა ისრაელსა და მის მხარდამჭერებს, მოძებნონ დიპლომატიური გადაწყვეტის გზა, ვიდრე ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია.

„ღაზის მომავალი მხოლოდ პალესტინელების გადასაწყვეტია. საჭიროა ერთიანი პალესტინის ხელმძღვანელობა, რათა მიაღწიოს ეროვნულ სწრაფვას ღირსების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისკენ. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ დროებითი ზომები არ იმუშავებს. სცენარები ომის „შემდეგ“ არ უნდა იყოს იმაზე, თუ ვინ მართავს ღაზას. ღაზის მომავალი მხოლოდ პალესტინელების გადასაწყვეტია. საერთაშორისო თანამეგობრობის წევრების უმეტესობა თანხმდება ცეცხლის შეწყვეტაზე, ჰუმანიტარული დახმარების აუცილებლობასა და ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის აუცილებლობაზე, მაგრამ არ არსებობს ეფექტური მექანიზმი, რომელიც აიძულებს ისრაელს, განახორციელოს ეს“, – განაცხადა ფიდანმა.

ამასთან, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჰაკან ფიდანმა აღნიშნა, ბოლო ინციდენტები წითელ ზღვაში, იემენში, ლიბანში, ერაყში, სირიაში, ირანსა და პაკისტანში ძალიან საგანგაშოა.