თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინის ომმა კიდევ ერთხელ აჩვენა მულტილატერალური სატრანსპორტო დერეფნების განვითარების მნიშვნელობა
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინის ომმა კიდევ ერთხელ აჩვენა მულტილატერალური სატრანსპორტო დერეფნების განვითარების მნიშვნელობა. ამის შესახებ ჰაკან ფიდანმა თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი შეხვედრის დროს განიხილებოდა.
„უკრაინის ომმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა. თურქეთი და აზერბაიჯანი, ძლიერი ინფრასტრუქტურით, არის შუა დერეფნის მნიშვნელოვანი და შეუცვლელი ნაწილი“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მან ასევე ისაუბრა ტრანსანატოლური გაზსადენის პროექტის გაფართოების მნიშვენელობაზე. აღნიშნული გაზსადენით ბუნებრივი აირი აზერბაიჯანიდან, საქართველოსა და თურქეთის გავლით, ევროპას მიეწოდება.
„ერთი მხრივ, ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენი ქვეყნების ენერგოუსაფრთხოებას, ხოლო მეორე მხრივ, ჩვენი ძალისხმევა, რომლითაც წვლილი შეგვაქვს ევროპის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებისკენ, გაგრძელდება“, – განაცხადა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.