თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - С-400 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს საკუთარი ტერიტორიების დასაცავად გამოვიყენებთ
თურქეთი С-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს მხოლოდ საკუთარი ქვეყნის დასაცავად გამოიყენებს და არა სირიაში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში, – განცხადება ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკეთა.
„ჩვენ არ შეგვიძლია ამ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გამოყენება ზეთისხილის რტოს ოპერაციის დროს. С-400 მხოლოდ საკუთარი ტერიტორიების დასაცავად გამოვიყენებთ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
2016 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ თურქეთსა და რუსეთს შორის С-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. მხარეებმა შეთანხმება 2017 წლის სექტემბერში გააფორმეს. თურქეთი ნატო-ს წევრი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი შეიძინა. გავრცელებული ინფორმაციით, კონტრაქტის პირობების შესრულება 2020 წელს დაიწყება.