თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კიოლნში მეჩეთი გახსნა. გერმანელმა პოლიტიკოსებმა ცერემონიაში მონაწილეობაზე უარი თქვეს.
ერენფელდის რაიონში მდებარე მეჩეთი ერდოღანმა გერმანიაში ორდღიანი ვიზიტის დასასრულს გახსნა. ევროპაში უდიდესი მეჩეთი 1100 მორწმუნეს იტევს. მისი მშენებლობა 30 მილიონი ევრო დაჯდა.
კოილნში ერდოღანის ვიზიტის დროს უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გაამკაცრეს. გადაკეტილი იყო ყველა მნიშვნელოვანი ავტობანი. წესრიგის დასაცავად ქუჩებში 3000 სამართალდამცავი გამოიყვანეს.
კიოლნის ერთ-ერთ რაიონში საპროტესტო აქცია გაიმართა. მომიტინგეებმა გერმანიაში ერდოღანის ვიზიტი გააპროტესტეს. დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით – „შეაჩერეთ ერდოღანის დიქტატურა“, „ერდოღან წადი სახლში“.
აეროპორტში ჩასულ თურქეთის ლიდერს ჩრდილოეთ რაინ ვესტფალიის მიწის პრემიერ-მინისტრი დახვდა. თუმცა მეჩეთის გახსნის ცერემონიაზე დასწრებისგან მან თავი შეიკავა. ანალოგიურად მოიქცნენ ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც.