თურქეთის პრეზიდენტმა და ჩინეთის ლიდერმა სატელეფონო კავშირისას ორმხრივ ურთიერთობებზე და უიღურების საკითხზე ისაუბრეს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჩინელ კოლეგა სი ძინპინთან სატელეფონო საუბრისას, აღნიშნა, რომ ოფიციალური ანკარასთვის მნიშვნელოვანია უიღურთა ეთნიკური ჯგუფი ჩინეთის სახელმწიფოში ცხოვრობდნენ, როგორც „თანაბარი უფლებების მქონე მოქალაქეები“ და ამავდროულად თურქმა ლიდერმა აღნიშნა, რომ იგი ჩინეთის ეროვნულ სუვერენიტეტს პატივს სცემს.
„ერდოღანის თქმით, თურქეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ უიღურები კეთილდღეობისა და მშვიდობიან პირობებში ცხოვრობდნენ, როგორც ჩინეთის თანაბარი უფლებების მქონე მოქალაქეები. აქვე მან დაადასტურა თურქეთის პატივისცემა ჩინეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მხარეთა შორის გამართული სატელეფონო საუბრისას, ერდოღანმა აგრეთვე აღნიშნა, რომ თურქეთსა და ჩინეთს შორის სავაჭრო და დიპლომატიური კავშირების დიდი პოტენციალი არსებობს, შესაბამისად ქვეყნების ლიდერებმა განიხილეს ისეთი სფეროები, როგორებიცაა ენერგეტიკა, ვაჭრობა, ტრანსპორტირება და ჯანდაცვა.