თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელი - თურქეთი სრულად სოლიდარულია აზერბაიჯანის და უპირობოდ უჭერს მხარს მის უფლებას თავდაცვაზე
სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ვითარების უკიდურესად დაძაბვას ეხმაურება თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელი იბრაჰიმ კალინი.
მისი თქმით, „თურქეთის ხელისუფლება მკაცრად გმობს სომხეთის თავდასხმას აზერბაიჯანზე“.
„სომხეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია საერთაშორისო სამართალი და გვიჩვენა, რომ მას მშვიდობისა და სტაბილურობის ინტერესი არ გააჩნია. თურქეთი სრულად სოლიდარულია აზერბაიჯანის და უპირობოდ უჭერს მხარს მის უფლებას თავდაცვაზე“, -წერს იბრაჰიმ კალინი.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი. მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების მხრიდან. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო.სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებულია შეტევა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ სომეხმა სამხედროებმა ორი აზერბაიჯანული ვერტმფრენი და
უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მათივე ცნობით, სროლის ხმა ისმის სტეპანაკერტშიც.
ამასთან, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანულმა მხარემ მთიან ყარაბაღში დაშორიშორების ხაზთან სარაკეტო დარტყმები მიიტანა.