თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი - რეჯეფ თაიფ ერდოღანის რუსეთში ვიზიტი მარცვლეულის შეთანხმებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
ერდოღანის რუსეთში ვიზიტი მარცვლეულის შეთანხმებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის საკითხებში თურქეთის პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა, აკიფ ჩაღათაი ქილიჩმა განაცხადა.
ქილიჩის თქმით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ორშაბათს დაგეგმილი შეხვედრისას ყურადღებას გაამახვილებენ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებაზე, რადგან თურქეთი ცდილობს მოსკოვის დაბრუნებას შეთანხმებაში.
„ჩვენ აქ წამყვან როლს ვთამაშობთ. ვხედავთ ძლიერ მხარდაჭერას მთელი მსოფლიოდან მარცვლეულის დერეფნის რეალიზაციისთვის. ჩვენ ფრთხილები ვართ, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ წარმატებას მივაღწევთ, რადგან ეს არის სიტუაცია, რომელიც გავლენას ახდენს მთელ მსოფლიოზე“, – განაცხადა ქილიჩმა.
მისივე თქმით, ანკარამ აღიარა შეთანხმების ირგვლივ არსებული ტექნიკური სირთულეები, განსაკუთრებით რუსული მარცვლეულისა და გადახდის მექანიზმებთან დაკავშირებით.
„საერთაშორისო გადახდის სისტემები, როგორიცაა SWIFT-ი, მრავალმხრივ გამოწვევას წარმოადგენს. მჯერა, რომ პრეზიდენტ ერდოღანისა და პუტინის ორმხრივი შეხვედრა ამ საკითხში ყველაზე მნიშვნელოვან როლს ითამაშებს“,- აღნიშნა ქილიჩმა.