თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლება ტერორისტებთან ბრძოლას გააგრძელებს
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლება ტერორისტებთან ბრძოლას გააგრძელებს. ამის შესახებ განცხადება რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 2016 წლის 15 ივლისს თურქეთში მოწყობილი უშედეგო სამხედრო გადატრიალების ხუთი წლისთავის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა.
ერდოღანის თქმით, ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის წევრებთან ბრძოლა გაგრძელდება, ვიდრე ამ სტრუქტურების ყველა წარმომადგენელი არ აგებს პასუხს.
„ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ტერორისტებთან და თურქეთის მტრებთან, რომლებმაც სცადეს თავდასხმა ქვეყნის მომავალზე და რომლებმაც დაღვარეს ჩვენი თანამოქალაქეების სისხლი. ისინი პატიებას ან შეწყალებას არ იმსახურებენ“, – განაცხადა ერდოღანმა.
2016 წლის 15 ივლისს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოაწყვეს. ამ მოვლენების დროს დაიღუპა 251 ადამიანი. თურქეთის მთავრობამ გადატრიალების მოწყობაში აშშ-ში მცხოვრები ოპოზიციონერი მქადაგებელი ფეთჰულა გიულენი და მისი მომხრეები დაადანაშაულა. მას შემდეგ თურქეთში ათასობით ადამიანი დააკავეს, რომლებსაც გიულენის ორგანიზაციის წევრობაში დასდე ბრალი.