თურქეთის პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონია ანკარაში 9 ივლისს გაიმართება
რეჯეფ თაიფ ერდოღანი საპრეზიდენტო ფიცს 9 ივლისს დადებს. ფიცის დადების ცერემონია თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, პარლამენტის შენობაში გაიმართება. მოგვიანებით, ქვეყნის საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ცერემონია საპრეზიდენტო კომპლექსში ჩატარდება.
ერდოღანმა ახალი მმართველობითი სისტემით ქვეყანა 24 ივნისის არჩევნების შემდეგ ჩაიბარა. გამოცემა Anadolu-ს ინფორმაციით, პრეზიდენტი 9 ივლისს მინისტრთა კაბინეტის წევრებსაც წარადგენს.
თურქეთის უმაღლესი საარჩევო საბჭოს ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა არჩევნებში ხმების 52.5% აიღო. რაც შეეხება პარლამენტს, საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ და „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის“ ალიანსი ფლობს.