თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას ევროკავშირის მიერ თურქეთთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დაპირებაზე გაამახვილა ყურადღება
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.
როგორც თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მაკრონს ევროკავშირის მიერ თურქეთთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დაპირება შეახსენა.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადების თანახმად, შეხვედრისას მხარეებმა რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოლაპარაკებების დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობები ღრმა ისტორიას ეფუძნება და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება.
ერდოღანის თქმით, თურქეთი ევროკავშირთან ურთიერთობებში ევროკავშირის სრული წევრობის პერსპექტივით ხელმძღვანელობს. პრეზიდენტი ერდოღანი ამ პროცესის გააქტიურების მოწოდებით გამოვიდა. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ შესრულებული უნდა იყოს დაპირებები, რომლებიც ეხება საბაჟო კავშირის განახლებასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას. ერდოღანმა აღნიშნა, რომ ყველა ქვეყნის ინტერესებშია უკრაინასა და რუსეთს, ისრაელსა და პალესტინას, ისრაელსა და ლიბანს შორის დაძაბულობის მშვიდობიანი გზით, დიპლომატიის მეშვეობით დასრულება.