თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რიზე-ართვინის ახლად გახსნილი აეროპორტი ტრანსპორტირების საკითხებს საქართველოსაც გაუადვილებს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქეთის ჩრდილოეთით ზღვაზე გაშენებული რიზე-ართვინის აეროპორტი გახსნეს. ახალი აეროპორტი მსოფლიოში ზღვაზე აშენებული ხუთი აეროპორტიდან ერთ-ერთია. ამის შესახებ თურქული მედია წერს.
„ეს პროექტი, რომელსაც მე მივიჩნევ გასული 20 წლის განმავლობაში თურქეთის პროგრესის სიმბოლოს, განსაკუთრებით საჰაერო ტრანსპორტის მიმართულებით, ასევე არის იმის ნიშანი, რომ ვერც ზღვები და ვერც მთები ვერ დაუდგება ჩვენს მონდომებას ქვეყნის მსახურებაში“, – განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ ზღვაზე გაშენებული მსოფლიოს ხუთი აეროპორტიდან ორი თურქეთშია.
„რიზე-ართვინის აეროპორტი, რომელიც აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რთულ გეოგრაფიულ პირობებში აშენდა, ტრანსპორტირებას ჩვენს მეზობელ საქართველოსაც გაუადვილებს“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.