თურქეთის პოლიციამ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილი 75 პირი დააკავა
თურქეთის პოლიციამ ორი სპეცოპერაციის დროს ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილი 75 პირი დააკავა.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი თურქულ მედიასა და პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ერთი დღით ადრე სამართალდამცველებმა თურქეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 120 ადამიანი დააკავეს. სპეცოპერაციები ახალი წლის წინ ქვეყანაში უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას უკავშირდება.
როგორც სააგენტო Anadolu წერს, მხოლოდ დედაქალაქ ანკარაში დაკავებულია 29 ადამიანი, დაკავების ორდერები გაცემულია სულ 46 პირზე. რეიდებში 500-მდე პოლიციელი მონაწილეობდა. სტამბოლში 25 სხვადასხვა მისამართზე დაკავებულია 46 ეჭვმიტანილი, მათგან 43 უცხოელია
თურქული მედიის ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს ამოღებული მასალებიდან ირკვევა, რომ ეჭვმიტანილები ახალი წლის დღეებში თავდასხმას გეგმავდნენ.
შეგახსენებთ, 2017 წლის 1 იანვარს სტამბოლის ერთ-ერთ ღამის კლუბში შეიარაღებულმა მამაკაცმა 39 ადამიანი მოკლა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მაშინ დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
ახალი წლის ღამით თურქეთის ქალაქ სტამბოლში ქუჩებში სამართალდამცველთა რიცხვს გააორმაგებენ. ქალაქში 37 ათასი პოლიციელი დაიცავს უსაფრთხოებას. ამას გარდა, გაუქმდა რამდენიმე საჯარო ღონისძიება. 31 დეკემბერს სტამბოლის ცენტრში ტრანსპორტისთვის რამდენიმე ქუჩას გადაკეტავენ.