თურქეთის პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ჯო ბაიდენის მიერ 1915 წლის მოვლენების სომხების გენოციდად აღიარებას გმობს
თურქეთის პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ჯო ბაიდენის მიერ 1915 წლის მოვლენების სომხების გენოციდად აღიარებას გმობს

თურქეთის პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ 1915 წლის მოვლენების სომხების გენოციდად აღიარებას გმობს.

როგორც რეზოლუციის ტექსტშია აღნიშნული, აშშ-ის პრეზიდენტს არ აქვს იურიდიული და მორალური უფლება, განსაჯოს ისტორიული საკითხები.

„მტკიცედ ვგმობთ ბაიდენის განცხადებას 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც შეიცავს სომხური ლობის თეზისებს და უარვყოფთ ამ უსაფუძვლო ჭორს, რომელსაც არავითარი აზრი არ გააჩნია, გარდა პოლიტიკური მოტივებით ისტორიის გაყალბებისა. აშშ-ის პრეზიდენტს არ გააჩნია იურიდიული და მორალური უფლება, განსაჯოს ისტორიული საკითხები, მის განცხადებას სამართლებრივი ძალა არ გააჩნია“, – ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.

დოკუმენტი ასევე მოუწოდებს აშშ-ის პრეზიდენტს, გადახედოს ამ მცდარ განცხადებას, რომელიც „ორი ქვეყნის ურთიერთობებზე უარყოფით გავლენას იქონიებს“.

აშშ-ის პრეზიდენტმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი ოფიციალურად 24 აპრილს, სომეხთა მასობრივი მკვლელობის ხსოვნის დღეს აღიარა. ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას „უსაფუძვლო და ფაქტების საწინააღმდეგო“ უწოდა თურქეთის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ „ამას დესტრუქციული გავლენა ექნება“.