თურქეთის „ნაციონალისტური მოძრაობის“ მომხრეები სტამბოლში ოპოზიციური „კარგი პარტიის“ სააგიტაციო პუნქტს თავს დაესხნენ
თურქეთის „ნაციონალისტური მოძრაობის“ მომხრეები სტამბოლში ოპოზიციური „კარგი პარტიის“ სააგიტაციო პუნქტს თავს დაესხნენ.
გამოცემა Hurriyet Daily News-ის ცნობით, დაშავებულია რვა ადამიანი, მათგან ოთხს დანით აქვს ჭრილობა მიყენებული. ყველა დაშავებული ჰოსპიტალიზებულია.
პოლიციამ თავდასხმასთან კავშირში რვა ეჭვმიტანილი დააკავა.
„კარგ პარტიას“ თურქეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი მერალ აქშენერი ხელმძღვანელობს. ის თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალი-პოლიტიკოსია და პრეზიდენტად იყრის კენჭს.
„ჩვენ ვერანაირი მუქარა და თავდასხმა ვერ შეგვაშინებს. მოთმინებით ვივლით სიკეთისკენ და საღი აზრისკენ, რაც თურქეთს სჭირდება“, – განაცხადა აქშენერმა.
„კარგი პარტიის“ სააგიტაციო პუნქტზე თავდასხმა დაგმო წამყვანი ოპოზიციური პარტიის „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა მუჰარემ ინჯემ.
„პოლიტიკური კონკურენცია ომი არ არის. ჩვენ ყველა ამ ქვეყნის შვილები ვართ“, – განაცხადა მან.
თურქეთში ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 24 ივნისს გაიმართება.