თურქეთის მთავარმა პრო-ქურთულმა პარტიამ ახალი ლიდერები აირჩია.
reuters-ის ცნობით, ცერემონია კონგრესზე ჩატარდა, რომლის ჩაშლასაც, პარტიის წარმომადგენლების თქმით, ხელისუფლება ასობით დამსწრის დაკავებით ცდილობდა.
ხალხის დემოკრატიული პარტია სელაჰატინ დემირტაშის შემცვლელის ასარჩევად შეიკრიბა, რომელიც პარტიას 2014 წლის ივნისიდან ხელმძღვანელობდა. მისი დამსახურებით პარტია პირველად შევიდა პარლამენტში. დემირტაში ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. მას ტერორიზმის ხელშეწყობა ედება ბრალად და 142 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თურქული კანონმდებლობით კი ტერორიზმთან კავშირში ბრალდებულს პოლიტიკური პარტიის წევრობა ეკრძალება.
თურქეთის სიდიდით მეორე ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ პოლიცია დელეგატების მანქანებს აჩერებდა და მათ დოკუმენტებს უმიზეზოდ ამოწმებდა.
ამ დღეების განმავლობაში პოლიციამ 500-მდე ადამიანი დააკავა, რომლებიც კონგრესზე დასასწრებად მიდიოდნენ. საბოლოო ჯამში, კონგრესს 32 000 ადამიანი დაესწრო. მათ შორის პარტიის წევრები და მხარდამჭერები.