თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების გადაწყვეტილება გააუქმა
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება.
ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანიშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.
„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს.
აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების ინიციატივით თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი არაერთხელ გამოსულა. 2019 წლის მარტში მან განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ თურქეთის ხელისუფლება მუზეუმს მეჩეთად გამოაცხადებს.
აია სოფიას სტატუსის შესაძლო ცვლილებას იუნესკო გამოეხმაურა, რომლის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშიც აია სოფია 1985 წლიდან არის შეტანილი.
იუნესკო-ს განცხადებით, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შემავალი ძეგლის სტატუსის ცვლილება თურქეთის ხელისუფლებამ ორგანიზაციას წინასწარ უნდა აცნობოს და საჭიროების შემთხვევაში ამ საკითხს იუნესკო-ს კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტი განიხილავს. ამასთან, გაერო-ს ორგანიზიაციაში აღნიშნავენ, რომ დაუშვებელია ისეთი ცვლილება, რაც კულტურული ობიექტის გამორჩეულ უნივერსალურ ღირებულებაზე აისახება.
1500 წლის ისტორიის მქონე აია სოფია ბიზანტიის იმპერიის მთავარი ქრისტიანული ტაძარი იყო. 1453 წელს ოსმალთა იმპერიის მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ, სულთან მეჰმედ მეორემ აია სოფია მეჩეთად გადააკეთა. 1934 წელს თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებელმა ქემალ ათათურქმა მსოფლიოში ცნობილი ტაძარი მუზეუმად გამოაცხადა.
აია სოფიას ტაძარი სტამბოლის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს.