თურქეთის მოთხოვნით დაკავებული ქურთი პოლიტიკოსი ჩეხეთის სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა
ჩეხეთის სასამართლომ დაკავებული ქურთი პოლიტიკოსი თურქეთის მოწოდებების მიუხედავად დარბაზიდან გაათავისუფლა. ოფიციალური ანკარა ითხოვდა, სასამართლოს სალეჰ მუსლიმისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდებინა, სადაც ის თურქეთში ექსტრადაციას დაელოდებოდა. სალეჰ მუსლიმს თურქეთში რამდენიმე მუხლით ედება ბრალი.
ქურთი პოლიტიკოსი სირიის მთავარი ქურთული პარტიის ლიდერი იყო, რომელიც ჩრდილოეთ სირიაში ქურთების მიერ კონტროლირებად ავტონომიურ ერთეულს მართავს. თურქეთი კი მათ ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევს.
სალეჰ მუსლიმი შაბათს პრაღაში აიყვანეს.
სირიის მთავარი ქურთული პოლიტიკური პარტიის განცხადებით კი მათი ლიდერი პრაღაში თურქეთის მოთხოვნით დააკავეს.
პარტიის განცხადებით, მათი ლიდერი სირიის სრულუფლებიანი მოქალაქეა და ევროპაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
ქურთული პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთის სახელმწიფო უკანონოდ ითხოვს ადამიანების დაკავებას, რომლებიც არ არიან მათი მოქალაქეები და „შესაბამისად, თურქეთს მათი დაპატიმრების მოთხოვნის უფლება არ აქვს“.
თურქეთი სალეჰ მუსლიმს მას შემდეგ ეძებდა, რაც თურქულმა სასამართლომ ქურთ პოლიტიკოსს ბრალი სახელმწიფოს ერთიანობისთვის საფრთხის შექმნაში დასდო.
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ ჩეხეთი დაკავებული სალეჰ მუსლიმის ექსტრადირებაზე უარს არ იტყვის. მან ასევე დასძინა, რომ თურქეთს ქურთი ხალხის საწინააღმდეგო არაფერი აქვს და უბრალოდ „ტერორისტებს ებრძვის“.
„როდესაც ჩეხეთი მას გადმოგვცემს, ისინი ნახავენ, როგორ აღსრულდება სამართალი“, – ამბობდა ერდოღანი.