თურქეთის მმართველი პარტიის სპიკერი აცხადებს, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი მომავალ კვირას სოჭში ვლადიმერ პუტინს შეხვდება
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მომავალ კვირას რუსეთში გაემგზავრება და ვლადიმერ პუტინს შეხვდება, – ამის შესახებ თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ სპიკერმა, ომერ ჩელიკმა განაცხადა.
ჩელიკის თქმით, ერდოღანის რუსეთში ჩასვლა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა შეიძლება ნიშნავდეს პროგრესს რუსეთის შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებაში დაბრუნებაში.
„ერდოღანი აქამდე ხელმძღვანელობდა ინტენსიურ დიპლომატიას, რათა ხელი შეეწყო გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან აცილებისთვის“, – განაცხადა ჩელიკმა.
მანვე აღნიშნა, რომ შეხვედრა სოჭში გაიმართება.
მანამდე ვლადიმერ პუტინმა ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ მოსკოვი მზად არის, დაუბრუნდეს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას, როგორც კი დასავლეთი შეასრულებს თავის ვალდებულებებს რუსული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით.