თურქეთის ხელისუფლებამ აშშ-ის საელჩოს მიმდებარე ქუჩას აფრინის რეგიონში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის სახელი დაარქვა
თურქეთის ხელისუფლებამ აშშ-ის საელჩოს მიმდებარე ქუჩას სახელი შეუცვალა და მას „ზეთისხილის რტო“ დაარქვა. სწორედ „ზეთისხილის რტო“ ეწოდება სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე აფრინის რეგიონში მიმდინარე, თურქეთის სამხედრო ოპერაციას. სამხედრო მოქმედებები ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ არის მიმართული, რომლებსაც ვაშინგტონი იარაღით ამარაგებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა პირობა დადო, რომ თურქეთის სამხრეთით სასაზღვრო რაიონს ტერორისტებისგან გაწმენდს.
აშშ-ის საელჩოს შენობის გვერდით მდებარე ქუჩას ანკარას მეოთხე მერის, ნევზათ თანდოგანის სახელი ერქვა. თურქეთის ხელისუფლებამ ქუჩის სახელწოდება ანკარაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილეროსონის ვიზიტიდან რამდენიმე დღეში შეცვალა.
გასულ კვირას, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჰიზერ ნაუერტმა განაცხადა, რომ ქუჩის სახელწოდების შეცვლის გეგმა თურქეთის შიდა საქმეა.