თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი - კორონავირუსის ეპიდემიის პიკი გადავლახეთ
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი - კორონავირუსის ეპიდემიის პიკი გადავლახეთ

თურქეთმა კორონავირუსის ეპიდემიის პიკი გადალახა, თუმცა დაავადების გავრცელების მაჩვენებლის შემცირება თანმიმდევრული უნდა იყოს, – ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეტინ კოჩამ განაცხადა.

თურქული სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში „კოვიდ-19“-ით 89 ადამიანი გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 3 081 ადამიანი.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობამ 117 589 შეადგინა, აქედან ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“ 5 328 პირს დაუდასტურდა. ინფიცირებულებს შორის ჯანდაცვის სისტემის 7 400-ზე მეტი თანამშრომელია.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საავადმყოფოებიდან 5 231 პაციენტი გაწერეს. თურქეთში სულ გამოჯანმრთელებულია 44 ათასზე მეტი პაციენტი.