თურქეთის ეროვნულმა ბანკმა მთავარი საპროცენტო განაკვეთი მკვეთრად გაზარდა
თურქეთის ეროვნულმა ბანკმა მთავარი საპროცენტო განაკვეთი მკვეთრად გაზარდა

თურქეთის ეროვნული ვალუტის, ლირას გაუფასურების შეჩერების მიზნით, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა საგანგებო სხდომა მოიწვია და მთავარი საპროცენტო განაკვეთი 300 საბაზისო პუნქტით 13,5-დან 16,5-მდე გაზარდა. ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილების კვალდაკვალ, ლირა 2 პროცენტით გამყარდა. ინფორმაციას ამერიკული ბიზნეს-ტელეარხი CNBC ავრცელებს.

თურქეთის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შეხვედრა 7 ივნისს იყო დაგეგემილი, მაგრამ ლირას 5 პროცენტიანი ვარდნის შესაჩერებლად კომიტეტი დღეს შეიკრიბა და ქვეყნის მთავარი საპროცენტო განაკვეთი სასწრაფოდ გაზარდა. ახალმა გაცვლითმა კურსმა ერთ ამერიკულ დოლართან მიმართებაში 4,5656 შეადგინა. მანამდე ერთი დოლარი 4.9290 ლირა ღირდა, რაც თურქული ვალუტის გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმია.

მთლიანობაში, წლის მანძილზე ლირა საშუალოდ 20 პროცენტით გაუფასურდა.

CNBC-ის მიხედვით, ინვესტორების რწმენა ლირას მიმართ მას შემდეგ გაუარესდა, რაც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა გასულ კვირას განაცხადა, რომ თურქეთში 24 ივნისს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მონეტარულ პოლიტიკაზე კონტროლს გაამკაცრებდა. შესაბამისად, ინვესტორებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ თურქეთის ცენტრალურ ბანკს მზარდი ინფლაციის მართვა გაუჭირდება.

საპროცენტო განაკვეთის ზრდის შესახებ მონეტარული კომიტეტის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯერ კიდევ რისკის ქვეშ დგას ინფლაციის დონე, რომლის წლიურმა საშუალო მაჩვენებელმაც აპრილში 10.85 პროცენტი შეადგინა, მანამდე კი 12.98 პროცენტი იყო. ამიტომ, ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მონეტარული პოლიტიის მკვეთრი გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.

უცხოელი ანალიტიკოსები თვლიან, რომ თურქეთის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება სწორია, თუმცა დაგვიანებულია და 7 ივნისს სავარაუდოდ, ისევ მოხდება განაკვეთის ზრდა.

თურქეთის ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა საგანგებო სხდომა ბოლოს 2014 წლის იანვარში გამართა, როდესაც ლირა ასევე მკვეთრად გაუფასურდა. მას შემდეგ ლირას კურსი დოლართან მიმართებაში ფაქტობრივად, განახევრდა.

ვალუტაზე წნეხის შემცირებას თურქეთს საერთაშორისო საკრედიტო სააგენტოებიც ურჩევენ. საკრედიტო სააგენტო „სტანდარტ ენდ ფუარსის“ აზრით, თუ ეროვნული ვალუტის მდგომარეობა არ გამოსწორდება, თურქეთის მთავრობის ფინანსური მდგომარეობა სწრაფად გაუარესდება.