თურქეთის ეროვნული უშიშროების საბჭო რუსეთსა და უკრაინას მოუწოდებს, შეთანხმდნენ ომის რაც შეიძლება მალე დასრულებაზე
თურქეთის ეროვნული უშიშროების საბჭო რუსეთსა და უკრაინას მოუწოდებს, შეთანხმდნენ ომის რაც შეიძლება მალე დასრულებაზე

თურქეთის ეროვნული უშიშროების საბჭომ დღეს გამართულ სხდომაზე უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის საკითხი განიხილა და მოუწოდა მხარეებს, შეთანხმდნენ ომის რაც შეიძლება მალე დასრულებაზე. ამის შესახებ თურქეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, საბჭოს წევრებმა დეტალურად განიხილეს რუსეთსა და უკრაინას შორის ომის მიმდინარეობა, მისი შესაძლო შედეგები რეგიონისთვის მომდევნო ეტაპებზე და ასევე განაცხადეს, რომ შავ ზღვაში დაძაბულობის ესკალაცია არავის ინტერესებში არ შედის.

„მოწოდება გაიგზავნა ყველა მხარესთან, რომ დაუყოვნებლივ დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და დაასრულონ ომი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, თურქეთის ეროვნული უშიშროების საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მარცვლეულის შეთანხმებასთან“ დაბრუნება „აღკვეთს შესაძლო ნეგატიურ შედეგებს გაჭირვებულ ქვეყნებში და ხელს შეუწყობს სასურსათო სტაბილურობას“.