თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს გლობალურ ნავთობმომარაგებაში, ვმუშაობთ ინიციატივაზე, რომელიც დააკმაყოფილებს სირიის ენერგეტიკულ საჭიროებებს
თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს გლობალურ ნავთობმომარაგებაში, ვმუშაობთ ინიციატივაზე, რომელიც დააკმაყოფილებს სირიის ენერგეტიკულ საჭიროებებს

აზერბაიჯანი და თურქეთი სირიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების უზრუნველსაყოფად ერთობლივ მუშაობაზე შეთანხმდნენ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, ფარვიზ შაჰბაზოვმა იზმირში თურქეთ-აზერბაიჯანის ენერგეტიკული ფორუმის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას თურქული ტელეკომპანია TRT ავრცელებს.

„ცოტა ხნის წინ ჩვენ შევთანხმდით ერთობლივ მუშაობაზე თურქეთის გავლით სირიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების უზრუნველსაყოფად, როგორც ამას აქამდე ევროპულ ქვეყნებთან ვაკეთებდით. ეს პროექტი ასევე განიხილებოდა დღევანდელ შეხვედრაზე“, – თქვა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა.

თავის მხრივ, თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალფასლან ბაირაქტარმა ნავთობის გლობალურ მიწოდებაში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ჩვენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს გლობალურ ნავთობმომარაგებაში. ბოლოდროინდელი პროექტით, რომელიც თურქეთის ბუნებრივი აირის ქსელს სირიასთან აკავშირებს, ჩვენ ერთად ვმუშაობთ მნიშვნელოვან ინიციატივაზე, რომელიც დააკმაყოფილებს როგორც სირიის ენერგეტიკულ საჭიროებებს, ასევე ხელს შეუწყობს იქ ცხოვრების ნორმალიზებას. ერთად, ჩვენს ორ ქვეყანას წვლილი შეაქვს არა მხოლოდ ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში, არამედ გლობალური მიწოდების სისტემაშიც“, – განაცხადა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა.

თურქული მედიის ცნობით, თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის მონაწილეობით შექმნილ მწვანე ენერგეტიკულ დერეფანზეც ისაუბრა.

„ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ენერგეტიკულ კავშორებს ელექტროგადამცემი ხაზებით, გაზსადენებითა და ნავთობსადენებით, რითიც რეალური წვლილი შეგვაქვს როგორც ჩვენი ქვეყნების, ისე რეგიონის ენერგოუსაფრთხოებაში. ჩვენ ვაძლიერებთ ელექტროგადამცემ ხაზებს ოთხმრივი მწვანე ენერგეტიკული დერეფნით, რომელიც შეიქმნა აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის მიერ. ჩვენს ორ ქვეყანას შორის უზარმაზარი ჰარმონია, პოტენციალი და არსებული პროექტებია. ჩვენ სამომავლოდ ძალიან მნიშვნელოვანი მიზნები გვაქვს“, – თქვა ბაირაქტარმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.