ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ პროექტი, „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) 22 ნოემბერს ოფიციალურად დაიწყება
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, პროექტი, „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) ხვალ ოფიციალურად დაიწყება.
ფაშინიანის თქმით, პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტები იქნება ენერგეტიკა და ელექტროენერგიის ტრანზიტი. სომხეთი გეგმავს საკუთარი ელექტროენერგეტიკული ქსელების თურქეთისა და აზერბაიჯანის ქსელებთან დაკავშირებას.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთს ელექტროენერგეტიკული კავშირები უკვე აქვს საქართველოსა და ირანთან და ინვესტიციებს ახორციელებს ელექტროენერგიის გადაცემის სისტემების ეფექტიანობის გასაზრდელად. ფაშინიანის განცხადებით, ენერგეტიკული ტრანსფორმაცია სომხეთის მთავრობის სტრატეგიული პრიორიტეტია. მისი თქმით, განახლებადი ენერგიის, განსაკუთრებით მზის ენერგეტიკის განვითარებამ ქვეყანას ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განმტკიცების ახალი შესაძლებლობები შეუქმნა.
ამასთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ელექტროენერგიის დაგროვების სისტემების განვითარებისა და ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესების აუცილებლობაზე საუბრობს. ფაშინიანმა ასევე დაადასტურა, რომ სომხეთი ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობასა და ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციას გეგმავს.