ურსულა ფონ დერ ლაიენი – დანიაში აშშ-სა და უკრაინის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის მკვლელობის მცდელობა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული, ასეთი რამ მიუღებელია

16:19, 21.11.2026

მკაცრად ვგმობ დანიაში აშშ-სა და უკრაინის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის მკვლელობის მცდელობას, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული, ეს ევროკავშირის ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმა იყო. ასეთი რამ მიუღებელია, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისივე თქმით, რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეები სულ უფრო ნაკლებად არის ჰიბრიდული და სულ უფრო მეტად რეალური ხდება.

„ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ დანიას და რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმების სამიზნე ყველა წევრ სახელმწიფოს. ერთ-ერთ ჩვენგანზე თავდასხმა ჩვენს კავშირზე თავდასხმას ნიშნავს. რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეები სულ უფრო ნაკლებად არის ჰიბრიდული და სულ უფრო მეტად რეალური ხდება. ჩვენ გვაქვს მოქმედებისთვის საჭირო ინსტრუმენტები, სწრაფი რეაგირების ჯგუფებიდან დაწყებული, პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციებით დამთავრებული. მალე წარვადგენთ ევროპის უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას, რომელიც ჩვენი მზადყოფნისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად. მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, თუ რუსეთი უკრაინის მხარდაჭერის შესუსტებას აპირებს, საპირისპირო შედეგს მიიღებს. ჩვენი სიმტკიცე მხოლოდ გაძლიერდება“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ცნობისთვის, დანიის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, უკრაინელი რეპერის, Kyivstoner-ის  მკვლელობის გეგმა რუსეთის სპეცსამსახურებმა შეიმუშავეს და მისი განხორციელება დაიწყეს. ამ ფონზე, დანიამ ქვეყნიდან რუსეთის სამხედრო ატაშეს გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

მსგავსი