დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ დანიაში უკრაინელი რეპერის მკვლელობის მცდელობის საქმესთან დაკავშირებით, ქვეყნიდან რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებენ

13:18, 21.11.2026

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქვეყნიდან რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებენ. გადაწყვეტილების მიზეზი დანიაში უკრაინელი რეპერის მკვლელობის სავარაუდო გეგმაა, რომლის უკანაც, დანიის სპეცსამსახურების ვარაუდით, რუსეთი დგას. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

მკვლელობის მცდელობის საქმეზე დანიის ორი მოქალაქეა ბრალდებული, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. დანიის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, მკვლელობის გეგმა რუსეთის სპეცსამსახურებმა შეიმუშავეს და მისი განხორციელება დაიწყეს. დანიის პოლიციის განცხადებით, ორივე ბრალდებულს კავშირი აქვს ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კრიმინალურ დაჯგუფებასთან Loyal to Familia (LTF).

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა, რომ ამ საქმეს მოსკოვისთვის დიპლომატიური შედეგები მოჰყვება.

„მან დანია შვიდი დღის განმავლობაში უნდა დატოვოს“, – განაცხადა რასმუსენმა რუსეთის სამხედრო ატაშესთან დაკავშირებით.

დანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მკვლელობის სავარაუდო გეგმის აღკვეთა მას შემდეგ მოხერხდა, რაც ეჭვმიტანილები უკრაინელი რეპერის, Kyivstoner-ის დაგეგმილ კონცერტამდე, 25 სექტემბრამდე ცოტა ხნით ადრე დააკავეს.

მოგვიანებით მისი კონცერტი დანიაში, რომელიც ევროპული ტურნეს ნაწილი იყო, გაუქმდა. მედიის ცნობით, Kyivstoner-ის მკვლელობის მცდელობის გეგმა მიმდინარე წლის დასაწყისში პოლონეთშიც გამოვლინდა.

მსგავსი