„ფოქს ნიუსი“ – დემოკრატიული პარტია კონგრესში ილონ მასკის საქმიანობის გამოძიებას გეგმავს, ამ ფონზე კი მასკმა დემოკრატიულ პარტიასთან მჭიდრო კავშირების მქონე ხუთი ლობისტი დაიქირავა

15:51, 21.11.2026

ილონ მასკმა დემოკრატიულ პარტიასთან მჭიდრო კავშირების მქონე ხუთი ლობისტი დაიქირავა. ინფორმაციას ამის შესახებ „ფოქს ნიუსი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც დემოკრატიული პარტია აშშ-ის კონგრესზე კონტროლის მოპოვების შემდეგ „სფეიქს იქსის“ ხელმძღვანელის საქმიანობის გამოძიებას გეგმავს, მათ შორის, უკრაინაში სატელიტურ ქსელ „სტარშილდის“ მუშაობაზე დაწესებული შეზღუდვების საკითხს.

„ფოქს ნიუსის“ ინფორმაციით, გამოძიება ასევე შეეხება მასკის ბიზნესსაქმიანობასა და სამთავრობო უწყებებთან მის ურთიერთობებს, მათ შორის, პენტაგონის „სფეის იქსზე“ შესაძლო გადაჭარბებულ დამოკიდებულებას და მასკსა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის ურთიერთობებით გამოწვეულ ინტერესთა შესაძლო კონფლიქტს.

ცნობისთვის, 12 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში, ფრონტის ხაზისა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ, „სტარლინკის“ სამხედრო ვერსიის, “სტარშილდის” სიჩქარე კვლავ სისტემურად შეიზღუდა. მოგვიანებით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შეზღუდვები მხოლოდ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოვლინდა. რამდენიმე დღის შემდეგ კომპანიამ განმარტა, რომ “სტარშილდის” სიჩქარის შეზღუდვა ტექნიკურმა პრობლემებმა გამოიწვია.

მსგავსი