თურქეთის ელჩი - საქართველოსა და თურქეთში საზღვრებზე ძალიან დიდი კონტროლია და ვიმედოვნებ, კორონავირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია
საქართველოში თურქეთის სრულუფლებიანი ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი აცხადებს, რომ საქართველოსა და თურქეთის შესაბამისი უწყებები ყველაფერს აკეთებენ კორონავირუსის პრევენციისთვის.
„ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში კორონავირუსის ფაქტი დაფიქსირდა. როგორც საქართველო, ასევე თურქეთი ყველაფერს ვცდილობთ, რათა მივიღოთ გარკვეული ზომები საფრთხის პრევენციისთვის. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო შესაბამის ორგანოებს საქართველოში, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ამისთვის“, – განაცხადა ფატმა ჯერენ იაზგანმა.
მისივე თქმით, აღსანიშნავია საქართველოს შესაბამისი ორგანოების გამჭვირვალობა.
„ისინი არ მალავენ ამ ყველაფერს და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ასეთ შემთხვევაში უფრო მარტივად შევძლებთ ამ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლას. ასევე, მინდა ვთქვა, რომ საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა, ბევრი ქვეყანა სარგებლობს ამ ტრანზიტული გზით და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ვირუსს ისე ვებრძოლოთ, რომ არაფერი შეფერხდეს. ასევე მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა დაიცვან პირადი ჰიგიენა და ის რეკომენდაციები, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გასცემს. რაც შეეხება საზღვრებს, როგორც საქართველოს, ასევე თურქეთში ძალიან დიდი კონტროლია ამ მხრივ შესაბამისი ორგანოების მხრიდან და ვიმედოვნებ, ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია“, – აღნიშნა საქართველოში თურქეთის ელჩმა.