თურქეთის ელჩი - კრწანისის ტყეპარკში ავსტრიელი ხელოვანის გამოფენა არის რეაქცია დასავლეთის, ევროპის განვითარებაზე, მადლობა მას, რომ ბუნებასთან დაგვაბრუნა
ავსტრიელი ხელოვანის გამოფენა არის რეაქცია დასავლეთის, ევროპის განვითარებაზე, მადლობა მას, რომ ბუნებასთან დაგვაბრუნა, – ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა ფატმა ჯერენ იაზგანმა კრწანისის ტყეპარკში გახსნილ ავსტრიელი ხელოვანის, ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერის გამოფენასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ძალიან კარგი დამთხვევაა, რადგან 1990-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ავსტრიაში ვმუშაობდი, გამაცნეს ეს იდეა, თუ როგორ შეიძლება გარემოს განვითარებით ხელოვნებისა და კაცობრიობის განვითარება. ფუნდამენტურად განსხვავებული აზროვნებაა. ეს არის ავსტრიელი ხელოვანის რეაქცია დასავლეთის, ევროპის განვითარებაზე, თუ შევადარებთ განვითარებულ ქვეყნებს, სადაც გვჭირდება ენერგია, ინდუსტრია, სოფლის მეურნეობა. თუ დავფიქრდებით ავსტრიელი ხელოვანის პროტესტზე ინდუსტრიული ევროპის წინააღმდეგ და ამ რეგიონზე, ეს ძალიან საინტერესოა. ჩვენ ასევე შევიტანეთ წვლილი დღევანდელი ღონისძიებისთვის, მოვაწყეთ ქუჩის პლანტაცია. ახლა ვფიქრობ, გვჭირდება კი ასეთი ადგილების მოდერნიზება, თუ ეს ადგილები ბუნებრივად უნდა შევინარჩუნოთ. მინდა, მივულოცო ავსტრიის ელჩს, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენაა და როგორც ხედავთ, უქმე დღეების ფანტასტიური დასაწყისია, ძაღლებით, ლაშქრობის ტანსაცმლით და არაპროტოკოლური გარემო. მადლობა ავსტრიელ ხელოვანს, რომ ბუნებასთან დაგვაბრუნა“, – განაცხადა ფატმა ჯერენ იაზგანმა.
გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს კრწანისის ტყეპარკში ავსტრიის საელჩომ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობამ, ველური ბუნების ეროვნული სააგენტომ და CENN-მა, ცნობილი ავსტრიელი ხელოვანისა და გარემოსდამცველის, ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერის გამოფენა გახსნეს. 5 ივნისიდან 8 ივლისამდე, კრწანისის ტყეპარკში ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს, გამოფენასთან ერთად, სხვადასხვა თემატური ღონისძიება გაიმართება.