თურქეთის ელჩი - გაგვიმართლა და ვამაყობთ, რომ საქართველო ჩვენი მეზობელია, გვჯერა მისი აყვავებული მომავლის, ჩვენ კვლავაც ვიქნებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერები
თურქეთის ელჩი - გაგვიმართლა და ვამაყობთ, რომ საქართველო ჩვენი მეზობელია, გვჯერა მისი აყვავებული მომავლის, ჩვენ კვლავაც ვიქნებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერები

ჩვენ ვაშენებთ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. ასევე ვცდილობთ, მსოფლიოში წესრიგი უფრო სამართლიანი და მტკიცე იყოს, – ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა, ალი ქაან ორბაიმ თურქეთის რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თურქეთის ელჩის თქმით, ასი წლის განმავლობაში თურქეთმა მრავალი გამოწვევა დაძლია.

„მადლობას ვუხდი ყველას, რომ დღეს ჩვენს სიამაყესა და სიხარულს იზიარებთ. მინდა, მადლიერება გამოვხატო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, რომ გვაქვს პატივი, ვუმასპინძლოთ. 100 წლის წინ, როდესაც ჩვენ შევუდექით ამ გზას 14 დაღლილი, მაგრამ მომართული ადამიანით, ჩვენ ცოტა რამ გვქონდა სათქმელი. დღეს 85 მილიონი სარგებლობს 17 000-კილომეტრიანი გზებით და 13 000-კილომეტრიანი სარკინიგზო ქსელით. მაშინ ცოტა ქარხანა გვქონდა სახსენებელი, დღეს ჩვენი ვაჭრობის მოცულობა 650 მილიარდი აშშ დოლარია. ძლიერი ინდუსტრიული ბაზით და ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკით, ჩვენი პროდუქცია აღწევს მსოფლიოს ყველა კუთხეს. ასი წლის წინ ჩვენ ერთად ვიბრძოდით. დღეს ჩვენს სასწავლო დაწესებულებებში 28 მილიონი სტუდენტი გვყავს. ყოველწლიურად ვმასპინძლობთ 50 მილიონზე მეტ ტურისტს. ვაკავშირებთ ხალხსა და კულტურებს, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებდით ისტორიაში. როგორც გაერო-ს და ევროპის საბჭოს დამფუძნებელი წევრი და როგორც ნატო-ს გაერთიანების სანდო წევრი შვიდი ათწლეულის განმავლობაში, ვაშენებთ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ, ასევე ვცდილობთ, მსოფლიოში წესრიგი უფრო სამართლიანი და მტკიცე იყოს. ჩვენ არა მხოლოდ ვმასპინძლობთ ხუთ მილიონ ლტოლვილს, არამედ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის თვალსაზრისით, ასევე დახმარებისა და განვითარების წამყვანი დონორი ქვეყანა ვართ მსოფლიოში“, – განაცხადა თურქეთის ელჩმა.

ამასთან, სიტყვით გამოსვლისას, ალი ქაან ორბაიმ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ გაწეული დახმარების გამო საქართველოს პრემიერს მადლობა გადაუხადა.

ალი ქაან ორბაის თქმით, საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობა ყველა სფეროში ვითარდება.

„გასული ასი წლის განმავლობაში ჩვენ დავძლიეთ მრავალი გამოწვევა და გაჭირვება. ჩვენ დავდექით ჩვენს ასწლეულში საუკუნის სტიქიის წინაშე. ექვს თებერვალს, მიწისძვრების დროს ჩვენ დავკარგეთ 50 000-ზე მეტი სიცოცხლე. დაე, მათ მარადიული სიმშვიდე ჰპოვონ. ტრაგედიის შემდეგ დავიწყეთ აღდგენა, რომ ვიყოთ უფრო ძლიერები და გამძლეები. ნება მომეცით, გამოვიყენო შესაძლებლობა და მადლიერება გამოვხატო საქართველოს მიმართ. ჩვენი ქართველი დები და ძმები, როგორც ნამდვილი მეგობრები, მიწისძვრების დღესვე დაგვეხმარნენ. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ვინც ამ დახმარებას პირადად უწევდა კოორდინაციას. ჩვენმა მე-17 საუკუნის მკვლევარმა აღწერა, რომ ქართველებს ჰყავთ კეთილი და სუფთა გულის ხალხი. ჩვენ გაგვიმართლა და ვამაყობთ, რომ საქართველო ჩვენი მეზობელია. ჩვენ გვჯერა ქართველების, გვჯერა საქართველოს და მისი ნათელი, აყვავებული მომავლის. დამოუკიდებლობისთვის ომის დროსაც საქართველოს ჰქონდა იგივე რწმენა ჩვენი მომავლის მიმართ. დამოუკიდებელი საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც 1921 წელს ანკარის მთავრობაში რეზიდენტი ელჩი გაგზავნა. ჩვენ ისევ შევეგებეთ ერთმანეთს 70 წლის შემდეგ, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა დაიბრუნა. დღეს საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენი ურთიერთობები ყველა სფეროში ვითარდება საერთო ღირებულებების, საერთო კულტურების, ოჯახური კავშირებისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე. ჩვენ კვლავაც ვიქნებით საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და პოლიტიკურ სტრუქტურებთან მისი უფრო მჭიდრო ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერები“, – განაცხადა ალი ქაან ორბაიმ.

თურქეთის ელჩის განცხადებით, თურქული დიპლომატია ხელს უწყობს მშვიდობასა და სტაბილურობას კონფლიქტებით სავსე არასტაბილურ სამყაროში.

„ჯერ კიდევ შედარებით ახალგაზრდა რესპუბლიკა ვართ, მაგრამ ჩვენ არ ვართ ახალგაზრდა ერი. რესპუბლიკა აშენდა ორი ათასწლეულის სახელმწიფო ტრადიციის მყარ საფუძვლებზე, რომელიც სიმბოლიზებულია პრეზიდენტის ბეჭედში 16 ვარსკვლავით. შთაგონება და ძალა, რომელსაც ვიღებთ ჩვენი ღრმა ისტორიიდან და წინაპრების ღირებულებებიდან, მიგვიყვანს ჩვენს ახალ საუკუნემდე. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ წელს ჩვენი საგარეო სამსახურის დაარსებიდან 500 წელი შესრულდა. დღეს, 260 მისიით მთელ მსოფლიოში, თურქული დიპლომატია ხელს უწყობს მშვიდობასა და სტაბილურობას კონფლიქტებით სავსე არასტაბილურ სამყაროში. ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ დავების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას და არ გადავუხვევთ მუსტაფა ქემალ ათათურქის ამ მოწოდებას – მშვიდობა სახლში, მშვიდობა მსოფლიოში. ძალიან ვამაყობ, რომ ვარ ამ ღრმა ფესვგადგმული ინსტიტუტის წევრი და განსაკუთრებით ვამაყობ, რომ ვმსახურობ მეგობრულ და ძმურ საქართველოში. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს სპონსორებს, რომელთა წვლილი უზრუნველყოფს ჩვენი დღესასწაულის წარმატებას. მადლობა ყველას, რომ ჩვენთან ერთად იყავით თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების ასი წლისთავზე. გილოცავთ რესპუბლიკის დღეს. გილოცავ დაბადების დღეს, თურქეთო“, – განაცხადა თურქეთის ელჩმა თურქეთის რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე.