როგორ თანამშრომლობენ საქართველო და თურქეთი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, რა ზომებია ამოქმედებული და რა გამოწვევის წინაშეა შექმნილი კრიზისის ფონზე ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობები, – ამ საკითხებზე საქართველოს პირველი არხი საქართველოში თურქეთის ელჩს, ფატმა ჯერენ იაზგანს ესაუბრა.
უპირველეს ყოვლისა გვსურს, მწუხარება გამოვხატოთ თურქეთში კორონავირუსით გარდაცვალების გამო. ქვეყანაში მსხვერპლთა რიცხვმა 168-ს მიაღწია, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ კი, 10 ათასს გადააჭარბა. თუ შეგიძლიათ, მოგვიყევით იმ პრევენციულ ზომებზე, რომლებიც თურქეთმა კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად აამოქმედა.
– როგორც საქართველოს მეზობელი ქვეყანა, ჩვენ ინფორმაციას ვაწვდით საქართველოს მთავრობას განვითარებული მოვლენებისა და შეზღუდვის ზომებთან დაკავშირებულ საკითხებზე. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ნება მიბოძეთ, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, საქართველოს მოსახლეობას, რომლებმაც იმოქმედეს ძალიან სწრაფად და რომლებიც იცავენ წესებს, რათა ეს პანდემია საქართველოში კონტროლის ქვეშ მოექცეს.
საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც ამ დრომდე კორონავირუსით არც ერთი გარდაცვლილი არ ჰყავს და ვიმედოვნებ, რომ მომავალშიც არ ეყოლება. ვფიქრობ, რომ მთავრობა პრობლემას ძალიან კარგად უმკლავდება. ზომები, რომლებსაც ყველა მთავრობა მიმართავს, საკმაოდ ჰგავს ერთმანეთს. თავდაპირველად, თურქეთში ეს დაიწყო მოქალაქეებისადმი მოწოდებით, რომ შეეზღუდათ გადაადგილება, დარჩენილიყვნენ სახლში.
აშკარაა, რომ ჯანდაცვის სისტემას გამოწვევასთან გამკლავებაში დახმარება უნდა გავუწიოთ. სამწუხაროდ, როდესაც ნებაყოფლობითმა იზოლაციამ და კარანტინმა არ იმუშავა, ჩვენს მთავრობას ასევე მოუწია გარკვეული ზომების მიღება, მათ შორის 65 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის გარეთ გასვლის აკრძალვა, რადგან ისინი რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ. ასევე, შეზღუდვები დაუწესდა საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ჩვენ შევზღუდეთ ქალაქებს შორის გადაადგილება, რაც თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებსაც შეეხოთ. ქალაქიდან ქალაქში გადასაადგილებლად საჭიროა სპეციალური ნებართვა, შემოღებულია ტრანსპორტით გადაადგილების განსაკუთრებული წესი. მთავრობა აკონტროლებს ყველა მუნიციპალიტეტის შესასვლელსა და გასასვლელს. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე განაცხადა, რომ თუ ამ წესებს მოქალაქეები არ დაიცავენ, შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აისახება ეკონომიკაზე. რა თქმა უნდა, არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებმაც აუცილებლად უნდა იარონ სამსახურებში, როგორებიც არიან ჟურნალისტები, პურის, ძირითადი საკვები პროდუქტების, ელექტროენერგიის მწარმოებლები. როდესაც ადამიანებს არ შეუძლიათ სამსახურში სიარული, მათ არ შეუძლიათ გადასახადების გადახდაც. ეს არის პრობლემური საკითხი. ისე როგორც საქართველოში, თურქეთის მთავრობამაც დააფუძნა სოლიდარობის ფონდი, რომლითაც მოხდება იმ ადამიანების დახმარება, რომლებსაც შესაძლოა, ფინანსური სირთულეები შეექმნათ ამ დროებითი შეზღუდვების გამო. გლობალურად სხვადასხვა ქვეყნის მიერ ამოქმედებული ზომების დიდი ნაწილი ერთმანეთის მსგავსია.
თქვენ თურქეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე აღნიშნეთ. ხომ არ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია, როგორ აისახა მათზე ბოლო მოვლენები? როგორ მიმდინარეობს კოორდინაცია საქართველოს საელჩოსა და თურქეთის საგარეო უწყებას შორის? ასევე, ხომ არ შეექმნა პრობლემები საქართველოში მყოფ თურქეთის მოქალაქეებს?
– საქართველოს ელჩი ანკარაში, გიორგი ჯანჯღავა, რომელიც ჩემი მეგობარია, არის შესანიშნავი დიპლომატი, ამავე დროს კრიზისების მენეჯერი, მუდმივად აწვდის ახალ ინფორმაციას თურქეთში მცხოვრებ ქართველებს საკუთარი ფეისბუქგვერდის საშუალებით, ისევე როგორც ჩვენ ვაკეთებთ ამას აქ.
თურქეთში მყოფ საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს საზღვრამდე გამგზავრება სურდა, თუმცა მათ ქალაქის დატოვება ვერ შეძლეს, რადგან ნებართვა არ ჰქონდათ ამაზე. რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი იყო ის კომპანია, რომელიც ტრანსპორტირებას ახორციელებდა. საგარეო საქმეთა მინისტრთან და სტამბოლის გუბერნატორთან წარმატებული კომუნიკაციის შედეგად ეს საკითხი გადაიჭრა.
საქართველოს გენერალური კონსული სტამბოლში და ჩვენი კონსული ბათუმში მუშაობენ კვირაში 7 დღე 24 საათის განმავლობაში, ისევე, როგორც ჩვენ აქ. რაც შეეხება თურქეთის მოქალაქეებს, ჩვენ გვყავს რამდენიმე ბიზნესმენი, რომლებიც ჩარჩნენ მარნეულსა და ბოლნისში. ზოგიერთი მათგანი თბილისში ცხოვრობს, ნაწილი კი – აღნიშნულ რეგიონებში. ახლა ჩვენ იმ რეგიონში, სადაც კარანტინი გამოცხადდა, გვყავს რამდენიმე მოქალაქე. ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ ვიცოდეთ, სად იმყოფებიან ჩვენი მოქალაქეები, როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ვიცით ასევე, რომ თურქეთის რამდენიმე მოქალაქე აქ კარანტინშია მოთავსებული, თუმცა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები ამ დროისთვის არ ყოფილა. ასევე, მოგზაურობის აკრძალვამდე თურქეთიდან შემოსული რამდენიმე ადამიანი თვითიზოლაციაშია. ასე რომ, ჩვენ განვითარებულ მოვლენებს თვალს ვადევნებთ, გვაქვს ცხელი ხაზი.
მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს, რომლებიც რეაგირებენ ძალიან სწრაფად ყველა საკითხზე. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსთვის, ისე თურქეთისთვის, არის ის, რომ საზღვრები დარჩეს ღია ტვირთებისა და ტრანსპორტისთვის. ამ საკითხზე დიდი ძალისხმევით ვმუშაობთ ქართველ პარტნიორებთან. ვცდილობთ, უზრუნველვყოთ, რომ ვაჭრობა და ტრანსპორტი არ დაზარალდეს.
რა თქმა უნდა, ამოქმედებული ზომები ამაზე აისახება, თუმცა ეს არ უნდა აისახოს ადამიანების ცხოვრებაზე, ჩვენი ქართველი მეზობლების უსაფრთხოებაზე. საქართველო და თურქეთი ორივე ტრანზიტული ქვეყანაა. ჩვენ ორივე ვახორციელებთ ტრანზიტს დასავლეთ ევროპიდან, ბალკანეთის გავლით და კასპიის ზღვის გადაღმა რეგიონში. სასიცოცხლო მნიშვნელობის ეს გზა მუშაობს. ამ გზას სატვირთო მანქანების ასობით მძღოლი გადის. როგორ უზრუნველვყოთ, რომ მათი ტრანსპორტირება მოხდეს ისე, რომ ეპიდემიის კიდევ უფრო გავრცელების რისკი ან მძღოლებისთვის საფრთხე არ შეიქმნას? ეს არის სწორედ ის საკითხი, რომელზეც ჩვენ ქართველ პარტნიორებთან ვმუშაობთ.
რა შეიძლება გააკეთონ თურქეთმა და საქართველომ ერთობლივად, მოვლენების განვითარების უარესი სცენარის თავიდან ასაცილებლად?
– ახლა ვამზადებთ უფრო მეტ ტვირთებს სარკინიგზო მარშრუტისთვის, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალისთვის, რომელიც, საბედნიეროდ, არსებობს. ვიმედოვნებთ, რომ ამ გზას უფრო მეტი დატვირთვით გამოვიყენებთ. განვიხილავთ, როგორ არის შესაძლებელი სამედიცინო აღჭურვილობით მომარაგება ისე, რომ მოთხოვნა დაკმაყოფილებული იყოს. ასევე ვცდილობთ, უზრუნველვყოთ, რომ ერთობლივი ბიზნესი, ინვესტიციები არ დაზარალდეს ამ კრიზისის შედეგად. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ არსებობენ ოპორტუნისტები, რომლებიც ამ კრიზისიდან ფულის გაკეთებას ცდილობენ და ჩვენი, ორივე ქვეყნის მთავრობები ყველაფერს აკეთებენ, რომ არავინ მიიღოს იმაზე მეტი სარგებელი, რაც კანონიერად არის დასაშვები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სიხარბე უნდა შეჩერდეს.
თურქული კომპანიების, ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ცხოვრობენ, საქმიანობენ, მუშაობენ საქართველოში იმაზე მეტად, ვიდრე ისინი ამას თურქეთში აკეთებენ. ამიტომ ისინი ჩართული არიან ადგილობრივ საგანგებო ზომებში და საკუთარი წვლილი შეაქვთ. ორმა მსხვილმა თურქულმა კომპანიამ 700 ათას ლარზე მეტი შეიტანა ფონდში. თურქმა ინვესტორმა ნატახტარში წამოიწყო კამპანია, რომელიც მიმართულია დროებით უმუშევრად დარჩენილი ადამიანების დასახმარებლად. ასე რომ, ამგვარი სოლიდარობის კამპანიები დაწყებულია. ჩვენ წვლილს შევიტანთ მუნიციპალიტეტების დახმარების პროგრამებში იმ ოჯახების დასახმარებლად, რომლებიც შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ასე რომ, ეს არის საქართველოსა და თურქეთის ერთობლივი სამეზობლო. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ტრანსპორტი მუშაობდეს. ბათუმისა და ფოთის პორტები მუშაობას განაგრძობს, სარფის, წითელი ხიდის გადასასვლელები მუშაობს. სხვათა შორის, საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მისვლას ვგეგმავ, რათა ვნახო თურქული სატვირთო მანქანები და პირადად მოვუსმინო მძღოლებს. შესაძლოა, ეს ხვალ გავაკეთო. ჩვენ ვიქნებით ყველგან, მოვუსმენთ ყველას, თუმცა არ გვსურს, რომ ვინმემ გადაჭარბებული რისკი გასწიოს, რადგან, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ჯანდაცვის უსაფრთხოებაზე ფოკუსირება. ვირუსული ინფექცია „კოვიდ-19“, სავარაუდოდ, უმრავლესობას შეხვდება და უმრავლესობა ვერც იგრძნობს მწვავე სიმპტომებს, თუმცა თითოეული სიცოცხლე ძვირფასია.
თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საინვესტიციო პარტნიორია. როგორ ფიქრობთ, არსებობს თუ არა რისკი, რომ „კოვიდ-19“-ის ეპიდემიამ ერთობლივი პროექტები დააზარალოს?
– ეს ყველას დააზარალებს. ასეთია სიტუაცია, ეს პანდემიაა. ის განსხვავდება იმისგან, რაც მსოფლიომ და ჩვენმა დიდმა ბებიებმა და პაპებმა იხილეს მე-20 საუკუნის დასაწყისში. ახლა ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს ზეგავლენა. მსოფლიო შეიცვლება, თუმცა ვერ ვიწინასწარმეტყველებ, რა შეიცვლება. შემიძლია გითხრათ, რა არ შეიცვლება. ჩვენი გეოგრაფია არ შეიცვლება. ჩვენი ქვეყნები ისევ აქ იქნებიან, როგორც მეზობლები. თურქული კომპანიები, რომლებმაც აღმოაჩინეს საქართველო, როდესაც საქართველო გახდა დამოუკიდებელი (და აქვე აღვნიშნავ, რომ დღეს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის წლისთავია, ასე რომ, გილოცავთ თავისუფლებას), ეს კომპანიები ჩამოვიდნენ აქ, დაიწყეს ბიზნესი, ჩადეს ინვესტიციები, ამ წლების განმავლობაში ისინი საქართველოს ნაწილს წარმოადგენენ, ისინი არ წავლენ.
დაზარალდებიან თუ არა ისინი? შეიძლება, თუმცა ჩვენ აქ ვართ და აქ ვიქნებით. თურქეთი და საქართველო აქ იქნებიან. იგივე ეხება ქართველ ინვესტორებს თურქეთში. თურქეთში არიან ქართველები, რომლებიც მხოლოდ დასაქმებულები კი არ არიან, არამედ ინვესტორებიც არიან და ისინიც დარჩებიან თურქეთში, რადგან ეს ჩვენი საერთო ბედია. თუ რამე მოხდება, ეს მოხდება ყველა ჩვენგანისთვის. ეს კრიზისი შეცვლის ჩვენი ცხოვრების წესს. ეს აშკარაა. ტექნოლოგიებს უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭება, ჩვენი შვილები, რომლებიც ახლა თავიანთი ოთახებიდან ინტერნეტით სწავლობენ, იფიქრებენ, რა საჭიროა სკოლაში სიარული? ასე რომ, ზოგადად ჩვენ ყველა განვავითარებთ უფრო მეტ სექტორს ერთად, იქნება ახალი აღმოჩენები, რომელთა გაკეთებაც თურქ და ქართველ ბიზნესმენებს შეუძლიათ. ადამიანებმა აღმოაჩინეს, თუ რა სჭირდებათ სახლში ყველაზე მეტად, რომელი პროდუქტების წარმოება. დიახ, ტურიზმის ინდუსტრია დაზარალდება, ეს იქნება დიდი დარტყმა. თურქეთი, იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი, ეგვიპტე, ყველა ეს ქვეყანა ცხოვრობს ტურიზმით. კი, ამ მოვლენებს ექნება გავლენა საქართველოზე, თუმცა ყველა ამ ქვეყანაზე ასევე ექნება გავლენა. ჩვენ, თურქებსა და ქართველებს უნდა გვახსოვდეს დღეს, რომ გადავრჩებით, როგორც აქ, ამ მიწებზე, ჩვენი წინაპრები გადარჩნენ, ვიყოთ მდგრადები, სოლიდარულები, ვიყუროთ წინ და წინსვლა გავაგრძელოთ.
ვფიქრობ, ბრიტანეთის ელჩი ახლა იტყოდა – შეინარჩუნეთ სიმშვიდე და განაგრძეთ სვლა. როგორც თურქეთის ელჩი, მე ვიტყვი – იყავით მდგრადები, თურქები და ქართველები ამ ვითარებაში ერთად არიან. ამას ექნება გავლენა ყველა სახის ბიზნესზე, თუმცა მთავრობები აქ არიან, როგორც, თურქეთის, ისე საქართველოს მთავრობამ მხარდაჭერის პროექტები გამოაცხადეს, ასე რომ, ჩვენ ამას გადავლახავთ.