თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე - საქართველო თურქეთის სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონში უსაფრთხოება და სიმშვიდე
საქართველო თურქეთის სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონში უსაფრთხოება და სიმშვიდე, თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს გაერთიანებას ნატო-სა და ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში, ასევე, მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ამას ჩვენ მტკიცედ ვაცხადებთ ყველა პლატფორმაზე, – ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, მუსტაფა შენთოფმა საქართველოს პარლამენტსა და თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეას შორის ურთიერთთანამშრომლობის ოქმის ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა.
გაფართოებული შეხვედრისა და ურთიერთთანამშრომლობის ოქმზე ხელმოწერის შემდეგ, შალვა პაპუაშვილმა და მუსტაფა შენთოფმა მედიასთან ოფიციალური განცხადებები გააკეთეს.
თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის თქმით, რეგიონში არსებული ვითარებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორმხრივ და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობას. ამ კონტექსტში, მუსტაფა შენთოფმა ყურადღება ორი ქვეყნის პარლამენტს შორის ხელმოწერილ ურთიერთთანამშრომლობის ოქმზე გაამახვილა.
„მინდა, გამოვთქვა ჩვენი კმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ შალვა პაპუაშვილის მოწვევის საფუძველზე, დღეს საქართველოში ვიმყოფები. მსურს, გადმოგცეთ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის, ასევე პარლამენტის წევრებისა და თურქი ხალხის მისალმება.
ჩემთან ერთად არის დელეგაცია, რომელიც შედგება სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი დეპუტატებისგან. გვქონდა შეხვედრები როგორც პირისპირ, ასევე, გაფართოებულ ფორმატში, სადაც განვიხილეთ როგორც რეგიონული, ასევე, საერთაშორისო საკითხები და მიმდინარე მოვლენები.
თურქეთი და საქართველო მეგობარი ქვეყნები არიან, მოკავშირეები და რაც მთავარია, საქართველო თურქეთისთვის არის სტრატეგიული პარტნიორი.
ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები. ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები უნდა გადავიტანოთ საპარლამენტო დონეზეც. სასიხარულოა, რომ იზრდება ვაჭრობა ორ ქვეყანას შორის და 2021 წელს მან მიაღწია 2.1 მილიარდ დოლარს.
ჩვენ მხარს ვუჭერთ თურქ ბიზნესმენებს, რათა ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო თურქეთის სტრატეგიული პარტნიორია, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ რეგიონში უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს. თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს გაერთიანებას ნატო-სა და ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში. ასევე, მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ამას ჩვენ მტკიცედ ვაცხადებთ ყველა პლატფორმაზე. ამ პერიოდში, როდესაც არის ძალიან სენსიტიური დამოკიდებულება რეგიონში, ზოგადად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება საპარლამენტო ურთიერთობებს და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს. აღნიშნული მიმართულებით, მნიშვნელოვანია ის ოქმი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ“, – განაცხადა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ.
მუსტაფა შენთოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტით თურქეთში მიიწვია.