თურქეთის და პალესტინის ადმინისტრაციის ცნობით, ისრაელის ძალებმა თურქეთისა და აშშ-ის მოქალაქე ქალი მოკლეს, რომელიც დასავლეთ სანაპიროზე საპროტესტო გამოსვლაში მონაწილეობდა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის ძალების მიერ თურქეთისა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ქალის მკვლელობას გმობს.
„გუშინ მათ მოკლეს ჩვენი ერთი ქალიშვილი. მათ მოკლეს 40 ათასი უდანაშაულო მოქალაქე, მათ შორის 17 ათასი ბავშვი“, – განაცხადა მან.
ერდოღანის თქმით, თუ ისრაელი პალესტინური ტერიტორიების ოკუპაციას გააგრძელებს, ის შემდგომ რეგიონის სხვა ქვეყნების ტერიტორიებს დაადგამს თვალს.
„თუ ისრაელი ასე გააგრძელებს, რამალის ოკუპაციის შემდეგ ის თვალს დაადგამს კიდევ სხვა ადგილს. დადგება რეგიონის სხვა ქვეყნების ჯერი – ლიბანის, სირიის, და ისინი დაადგამენ თვალს ჩვენს მიწას ევფრატსა და ტიგროსს შორის“, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის ხელისუფლებისა და პალესტინის ადმინისტრაციის ცნობით, ისრაელის ძალებმა თურქეთისა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ქალი მოკლეს, რომელიც დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლაში მონაწილეობდა.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 26 წლის აიზენურ ეზგი ეიგი ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ის სიეტლის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იყო.
თეთრი სახლი ისრაელს მომხდარის გამოძიებისკენ მოუწოდებს.
„ჩვენ დავუკავშირდით ისრაელის მთავრობას, რათა გვეთხოვა მეტი ინფორმაცია და მოგვეთხოვა ინციდენტის გამოძიება“, – განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა, შონ სევეტმა.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ გავრცელებულ ცნობებს სწავლობენ.