თურქეთის ჩრდილოეთ პროვინციებში წყალდიდობის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
თურქეთის ჩრდილოეთ პროვინციებში წყალდიდობის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
ძლიერი წვიმების გამო, ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ბართინის, სინოპის, კასთამონისა და ყარაბუქის პროვინციებში გამოწვეული წყალდიდობის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა, ერთი კი დაკარგულად ითვლება.
წყალდიდობის შედეგად დაზიანებულია შენობები და მანქანები, განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო ადგილები. ყველაზე მეტად ბართინის რეგიონი დაზარალდა, სადაც წყალდიდობასთან ერთად მეწყერიც ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარეებმა წაიღეს სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები, რამდენიმე სოფელში შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდებაც. გარდა ამისა, სინოპის რეგიონში, წყალდიდობის გამო, ევაკუირებულია ერთ-ერთი საავადმყოფო.
მეტეოროლოგთა განცხადებით, ძლიერი წვიმები კიდევ ორი დღის განმაბლობაში გაგრძელდება. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას შესაძლო წყალდიდობებისა და მეწყერის საშიშროების შესახებ აფრთხილებს.