თურქეთის ცენტრალური ბანკი ინფლაციის შესაჩერებლად მონეტარული პოლიტიკის გადახედვის პირობას დებს
თურქეთის ცენტრალური ბანკი პირობას დებს, რომ მზადაა, რეკორდულად მაღალი ინფლაციის შეჩერების მიზნით, თვის ბოლოს მონეტარულ პოლიტიკას გადახედოს. როგორც დღეს გამოქვეყნებულმა ოფიციალურმა სტატისტიკამ აჩვენა, აგვისტოს მაჩვენებლებით, თურქეთში ინფლაციის დონე ბოლო 15 წლის მაქსიმუმზეა და 17.9 პროცენტს შეადგენს.
თურქეთის ეროვნული ბანკის განცხადება ანალიტიკოსებს მთავარი საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინს უჩენს, რადგან თურქული ეროვნული ვალუტის, ლირის კრიზისი სახეზეა და წლის დასაწყისიდან 40 პროცენტით არის გაუფასურებული. ვალუტის ვარდნა ხელს უწყობს ძირითად სამომხმარებლო საქონელზე ფასების ზრდას, ინვესტორები კი სერიოზულად შიშობენ, რომ ამას ზოგადად, ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა ექნება.
თურქეთის ეროვნული ბანკის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების მიხედვით, ფასების სტაბილურობა დიდი რისკის ქვეშ დგას და ეროვნული ბანკი აუცილებელ ზომებს მიიღებს.
„მონეტარული მდგომარეობა სექტემბრის მონეტარული კომიტეტების სხდომაზე განისაზღვრება ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების მიხედვით“,- ნათქვამია ბანკის განცხადებაში.
ინვესტორები თურქეთის ცენტრალური ბანკის მხრიდან ინფლაციის დასაძლევად განაკვეთის ზრდას ჯერ კიდევ ივლისის თვეში ელოდნენ, მაგრამ ბანკმა განაკვეთი არ შეცვალა და ისევ 17.75 პროცენტზე დატოვა.
შედეგად, თურქული ლირა კიდევ უფრო მკვეთრად გაუფასურდა. ანალიტიკოსები ბანკის გადაწყვეტილებას თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის გავლენას უკავშირებენ.
ერდოღანი საკუთარ თავს „საპროცენტო განაკვეთების მტერს“ უწოდებს და სურს, რომ ქვეყნის ეკონომიკის წახალისება დაბალი საპროცენტო განაკვეთებით მოხდეს.
თურქეთის ცენტრალური ბანკის განცხადების გავრცელებისთანავე, თურქულმა ლირამ პოზიცია მცირედით გაიუმჯობესა და ერთი დოლარის ფასმა 6.6154 ლირა შეადგინა