თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელები საქართველოს პირველ დიპლომატს ახალ თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავენ
ილია დარჩიაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს თურქი კოლეგა, მევლუთ ჩავუშოღლუ. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, მისალოც წერილში ნათქვამია, რომ თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მოუთმენლად ელის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების კიდევ უფრო განსავითარებლად.
„მოუთმენლად ველი თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობები ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ერების კეთილდღეობას, ისევე როგორც რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობას. ჩვენი საერთო მიზნების განხორციელების გზაზე, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ გქონდეთ თურქეთის მხარდაჭერის იმედი“,- წერს თურქეთის პირველი დიპლომატი.
თავის მიმართვაში, სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, არარატ მირზოიანი გამოთქვამს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილს და აღნიშნავს, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის მტკიცე მეგობრობა ხალხებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებს ეფუძნება.
ილია დარჩიაშვილს აზერბაიჯანელმა კოლეგამ, ჯეიჰუნ ბაირამოვმა ასევე მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.