თურქეთში, TUSAŞ-ის შტაბბინაზე თავდასხმა განხორციელდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები, თურქეთი მომხდარს ტერორისტულ თავდასხმად აფასებს
თურქეთში, TUSAŞ-ის შტაბბინაზე თავდასხმა განხორციელდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები, თურქეთი მომხდარს ტერორისტულ თავდასხმად აფასებს

ანკარაში, თურქეთის ავიაკოსმოსური მრეწველობის კომპანიის, TUSAŞ-ის შტაბბინაზე თავდასხმა განხორციელდა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ალი იერლიკაია მომხდარს ტერორისტულ თავდასხმად აფასებს. მინისტრის ინფორმაციით, არიან დაღუპულები და დაშავებულები.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაწესებულების შესასვლელ ჭიშკართან ჯერ აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც სროლის ხმა გაისმა.

ადგილზე მობილიზებულია უსაფრთხოების ძალები და სამაშველო სამსახურები.

„ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა ანკარაში თურქეთის ავიაკოსმოსური მრეწველობის კომპანიის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, თავდასხმის შედეგად არიან გარდაცვლილები და დაშავებულები. საზოგადოება იქნება ინფორმირებული მოვლენების განვითარების შესახებ. გთხოვთ, გაითვალისწინეთ ოფიციალური წყაროების მიერ გაკეთებული განცხადებები“, – დაწერა შს მინისტრმა სოციალურ ქსელ X-ში.

მანამდე მედიაში გავრცელდა დაუდასტურებელი ცნობები, რომ კომპანიის შტაბბინის შესასვლელთან თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი.

ავიაკოსმოსური მრეწველობის კომპანიის კამპუსში 15 ათასი ადამიანია დასაქმებული. მედიის ცნობით, თანამშრომლები უსაფრთხო ადგილებში არიან გადაყვანილი.