თურქეთის არმიამ სირიელ სამხედროებზე იერიშის მიტანა დაიწყო. იერიში საპასუხო დარტყმაა, ცოტა ხნის წინ იდლიბის პროვინციაში თურქ სამხედროებზე განხორციელებულ ავიათავდასხმაზე, რასაც 29 თურქი ჯარისკაცი ემსხვერპლა, დაშავებულია 36 სამხედრო, რომლებიც საავადმყოში გადაიყვანეს.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების ხელმძღვანელის, ფაჰრეთინ ალთუნის განცხადებით, უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის შედეგად გადაწყდა, ასადის რეჟიმის ყველა სამიზნეზე დარტყმა მიიტანონ. მისი თქმით, თურქეთი გულგრილად ვერ უყურებს იმას, თუ როგორ ვითარდება მოვლენები იდლიბში.
პარალელურად კი, თურქეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის წარმომადგენელმა, თეთრი სახლის მრჩეველთან უსაფრთხოების საკითხებში, რობერტ ო’ბრაიანთან სატელეფონო საუბარი გამართა.
უფრო ადრე კი, იდლიბში განვითარებულ მოვლენებზე ტელეფონით ისაუბრეს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.