თურქეთიდან ევროკავშირის მიმართულებით ასობით ლტოლვილი დაიძრა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რეიტერი“ (Reuters) თურქულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჟურნალისტების ცნობით, ასობით ლტოლვილი საბერძნეთისა და ბულგარეთის საზღვრისკენ მიემართება.
შეგახსენებთ, როგორც მანამდე თურქეთის მთავრობამ განაცხადა, იდლიბში ვითარების დაძაბვის შემდეგ, ანკარა სირიელ ლტოლვილებს ევროპისკენ გადაადგილების საშუალებას მისცემს.
თურქული მედიის ცნობით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საზღვრის სიახლოვეს 300 მიგრანტი იმყოფება. მათ შორის არიან ქალები და ბავშვები. ლტოლვილები წარმოშობით სირიიდან, ირანიდან, ერაყიდან, პაკისტანიდან და მაროკოდან არიან.
ამასთან, სააგენტო „რეიტერი“ აღნიშნავს, რომ საზღვრებისკენ მიმავალი ლტოლვილების კადრები თურქეთის მედიამ გაავრცელა და მათი ავთენტურობის დადგენა ვერ ხერხდება.
შეგახსენებთ, რომ სირიის პროვინცია იდლიბში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სირიის არმიამ, რომელსაც მხარს რუსეთის ავიაცია უჭერს, იერიშები მიიტანა იდლიბში დისლოცირებული თურქი ჯარისკაცებისა და მათ მიერ მხარდაჭერილი სირიის ოპოზიციის შეიარაღებული შენაერთების პოზიციებზე. შედეგად, დაღუპულია 33 თურქი სამხედრო მოსამსახურე.