თურქეთი რუსეთის, ყირგიზეთის, უნგრეთის და საქართველოს კვალდაკვალ უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის საკუთარი ვერსიის მიღებას განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი Global Voices-ი ავრცელებს. გავრცელებული ვერსიით, ეროვნულ ასამბლეას ეს პაკეტი საკანონმდებლო წლის დასრულებამდე, 2024 წლის პირველ ივლისამდე გადაეცემა. პაკეტი მოიცავს საკანონმდებლო შესწორებას, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის ჯარიმებს „უცხოური გავლენის აგენტებისთვის“, „ჯაშუშებისთვის“ და „შპიონაჟის“ განმარტებას აფართოებს.
კრიტიკოსები და უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ეს ინიციატივა მიმართულია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ და უბრალოდ კიდევ ერთი სამართლებრივი საბაბია ხელისუფლებისთვის, სამიზნეში ამოიღოს სამოქალაქო საზოგადოება.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „შემოთავაზებული კანონმდებლობა ერდოღანის მთავრობას საშუალებას მისცემს, არა მხოლოდ გააგრძელოს სიტყვისა და პრესის თავისუფლებისთვის ძირის გამოთხრა თურქეთში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც, რადგან ცვლილება ასევე ეხება თურქეთის მოქალაქეებს, ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც უცხო ქვეყანაში მდებარეობს.
კანონპროექტი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, მათ შორის უვადოდ.