თურქეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ სომხეთის გადაწყვეტილებას მიესალმება
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ სომხეთის გადაწყვეტილებას მიესალმება.
ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი.
„მივესალმებით სომხეთის გადაწყვეტილებას, აღიაროს პალესტინის სახელმწიფო ისეთი ქვეყნების შემდეგ, როგორებიცაა ესპანეთი, ირლანდია, ნორვეგია და სლოვენია. როგორც ყოველთვის აღვნიშნავდით, პალესტინის აღიარება საერთაშორისო სამართლის, სამართლიანობისა და სინდისის მოთხოვნაა. თურქეთი გააგრძელებს ძალისხმევას, რათა პალესტინა რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ აღიაროს“, – ნათქვამია განცხადებაში.
სომხეთის რესპუბლიკამ პალესტინის სახელმწიფო დღეს აღიარა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ღაზის სექტორში არსებული კატასტროფული ჰუმანიტარული ვითარება და მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომელიც გადაწყვეტას მოითხოვს.