თურქეთი სირიის ჩრდილოეთში ე.წ. „უსაფრთხო ზონაში“ 12 სამეთვალყურეო პოსტის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ სირიის ხელისუფლება, რომელმაც ქურთი მებრძოლების მიერ დატოვებული ტერიტორიების ნაწილი დაიკავა, რაიმე შეცდომას დაუშვებს, თურქეთი საპასუხო ზომას მიიღებს.
17 ოქტომბერს ანკარას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და ვიცე-პრეზიდენტი სტუმრობდნენ. ამერიკელი მაღალჩინოსნები თურქეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დროს სირიაში სამხედრო ოპერაციის შეჩერებაზე შეთანხმდნენ. შეთანხმების თანახმად, სირიის ჩრდილოეთში ცეცხლი ხუთი დღის განმავლობაში შეწყდება. ქურთულმა სამხედრო ჯგუფებმა საზღვრიდან 30 კილომეტრში უნდა გადაინაცვლონ.