თურქეთი, სერბეთი და დანია - ელიტრაუნდში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები გაირკვა #1TVSPORT
უეფა-ში 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა.
შესარჩევი ეტაპის 32 საუკეთესო ნაკრები ოთხგუნდიან რვა ჯგუფში გადანაწილდა, რომლებიც 2024 წლის მარტში მინიტურნირებზე ითამაშებენ და ევრო 2024-ის მასპინძელ კვიპროსთან ერთად ფინალური ეტაპის 15 ადგილისთვის იბრძოლებენ, ჩემპიონატი კი 20 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით გაიმართება.
საქართველოს ნაკრები ძალიან ძლიერ მეშვიდე ჯგუფში მოხვდა, სადაც შევხვდებით თურქეთს, სერბეთსა და დანიას.
მატჩების თარიღები და მინიტურნირების მასპინძელი ქვეყნები მოგვიანებით გახდება ცნობილი. ფინალურ ეტაპზე მასპინძელ კვიპროსს შეუერთდება ელიტრაუნდის ჯგუფების რვა გამარჯვებული და შვიდი საუკეთესო მეორეადგილოსანი.
უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტისა და უეფა-ს საგანგებო კომისიის კენჭისყრის დროს მოქმედი გადაწყვეტილებების საფუძველზე, ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან ბელარუსი და უკრაინა.