თურქეთი ვარსკვლავებისკენ ცქერას იწყებს. ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა ბრძანებას ქვეყნის პირველი, ოფიციალური კოსმოსური სააგენტოს შექმნის შესახებ. მეცნიერები მის ამ ნაბიჯს მიესალმებიან და იმედს გამოთქვამენ, რომ შეიქმნება სამუშაო ადგილები და შეჩერდება „ტვინების გადინება“.
13 დეკემბერს ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, სააგენტო შექმნის რაკეტების გამშვებ და კოსმოსის საკვლევ ტექნოლოგიებს, საკითხებში ითანამშრომლებს ქვეყნის სხვა კოსმოსურ კვლევით ცენტრებთან.
ჯერჯერობით უცნობია, როდის შეიქმნება და რა თანხას მიიღებს ბიუჯეტიდან ახალი ორგანიზაცია.
თურქეთის მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრის, მუსტაფა ვარანკის განცხადებით, სააგენტოს იურიდიული დეტალები ჯერ არ დაზუსტებულა. მისი თქმით, ეს ნამდვილად ისტორიული მომენტია ქვეყნისთვის, რომლის დროშაზეც მთვარე და ვარსკვლავია გამოსახული.
კოსმოსური სააგენტოს შექმნის იდეა თურქეთის სამართლიანობისა და განვითარების პარტიას ხელისუფლებაში მოსვლიდან, 2002-2003 წლიდან აქვს. თუმცა, მთავრობის სამოქმედო გეგმაში ოფიციალურად 2016 წელს გამოჩნდა.
გეგმა ოფიციალურად აქცია ერდოღანის აღმასრულებელმა ბრძანებამ — უფლება, რომელიც თურქეთის პრეზიდენტს 2018 წლიდან, არჩევის შემდეგ აქვს.
თურქეთის ხელისუფლება ამჟამად რამდენიმე კოსმოსურ-კვლევით ცენტრს აფინანსებს. ცნობილი ხდება, რომ ორ მათგანს სუბსიდირება შეუწყდება, რადგან ფული ახალ სააგენტოში გადამისამართდება.
ახალი სააგენტო კოორდინირებას გაუწევს როგორც ამ ინსტიტუტებს, ისე თურქეთის აეროკოსმოსურ ინდუსტრიას, თურქეთის რაკეტების მწარმოებელ მთავარ კომპანია „როკესტანსა“ და ნახევრად კერძო თანამგზავრულ ორგანიზაცია „თურქსატს“.
გარდა მეცნიერებისა, იმედიანად არის განწყობილი თურქეთში მოქმედი პოპულარული ასტრონომიის ვებგვერდის, „კოზმიკ ანაფორის“ დირექტორი, ზაფერ ემეჯანი. მისი თქმით, ეკვატორთან სიახლოვემ და ბევრმა დაბლობმა თურქეთი შესაძლოა, ანგარიშგასაწევ ძალად აქციოს ამჟამინდელი გამშვები პუნქტებისათვის.
ზოგიერთ მეცნიერს კი იმედი აქვს, რომ სააგენტო ქვეყანაში შეინარჩუნებს მკვლევრებს, რადგან ამჟამად, თურქეთიდან შეინიშნება ტვინების მნიშვნელოვანი გადინება.
ნასას რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიის (JPL) წარმოშობით თურქი ასტროფიზიკოსის, უმუთ ილდიზის განცხადებით, თურქეთში კოსმოსისა და ზოგადად, მეცნიერების მიმართულებით საკმაოდ ბევრი სტუდენტი სწავლობს. მისივე თქმით, კარგად შემუშავებული კოსმოსური პროგრამა შესაძლოა სწორედ ის იყოს, რაც შემდეგ თაობას ბედნიერი მომავლისთვის სჭირდება.
მართალია, სააგენტო მრავალ სამუშაო ადგილს შექმნის ინჟინრებისა და ასტრონომებისთვის, მაგრამ მისი წარმატებისათვის თურქეთს უფრო მეტი ასტრონომი დასჭირდება, რაც შეიძლება მნიშვნელოვან გამოწვევად იქცეს, თუ გავითვალისწინებთ აკადემიური პერსონალის თავისუფლების არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობასა და ტვინების გადინებას.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დაფინანსების ოდენობიდან გამომდინარე, თურქეთის წვლილი გლობალურ კოსმოსურ მეცნიერებაში სავარაუდოდ მოკრძალებული იქნება. თურქეთის მეცნიერების სამინისტროს მთლიანი ბიუჯეტი 2019 წელს 400 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. შედარებისათვის, ნასას ბიუჯეტი წელს 20,7 მლნ დოლარია.
მომზადებულია Scientific American-ის მიხედვით.