თურქეთი იმედს გამოთქვამს, რომ სირიის ქალაქ მანბიჯში დაგეგმილი ოპერაციის ჩატარების საჭიროება არ დადგება
თურქეთი იმედს გამოთქვამს, რომ სირიის ქალაქ მანბიჯში დაგეგმილი ოპერაციის ჩატარების საჭიროება არ დადგება და ქალაქთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას აშშ-სთან დიალოგის საშუალებით შეძლებენ. ამის შესახებ განცხადება თურქეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ბეკირ ბოზდაგმა გააკეთა.
თურქეთი, რომელმაც ოპერაცია სირიის ქალაქ აფრინში გასულ თვეში დაიწყო, სამხედრო მოქმედებების გადატანას 100 კილომეტრით აღმოსავლეთით, მანბიჯისკენ გეგმავს, სადაც ქურთული შენაერთები არიან დაბანაკებულნი. თუ ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა, თურქულ ძალებს მანბიჯში აშშ-ის შენაერთებთან მოუწევთ დაპირისპირება.
როგორც თურქეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ბეკირ ბოზდაგმა აღნიშნა, თურქეთის მთავრობა თვალყურს ადევნებს ტერორისტული დაჯგუფების მოლაპარაკებებს სირიის რეჟიმთან.
თურქეთი აცხადებს, რომ მიესალმება დამასკოს მხრიდან ნებისმიერ ჩართულობას, თუ ეს რეგიონის ქურთი მებრძოლებისგან გათავისუფლებას შეეხება, მაგრამ თუ პირიქით მოხდება და სირიის არმია იქ ქურთების დასახმარებლად შევა, თურქული იერიში გაგრძელდება.
აფრინის რეგიონში თურქეთის სამხედრო ოპერაცია ქურთი მებრძოლების წინააღმდეგაა მიმართული, რომლებსაც ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს და იერიშებს საკუთარი საზღვრის მათგან დაცვის მიზნით ხსნის.