თურქეთი გმობს რუსეთის მხრიდან უკრაინაში ე.წ. რეფერენდუმების ჩატარებას
თურქეთი გმობს რუსეთის მხრიდან უკრაინაში ე.წ. რეფერენდუმების ჩატარებას. აღნიშნულის შესახებ განცხადებას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავეცელებს.
„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფ უკრაინის ნაწილებში ცალმხრივი რეფერენდუმების ჩატარების მცდელობებით. ასეთი არალეგიტიმური ფაქტი არ იქნება აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ. პირიქით, ეს ხელს შეუშლის დიპლომატიური პროცესის აღდგენას და გამოიწვევს არასტაბილურობის გამწვავებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ თურქეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ და გამოთქვამს მზადყოფნას, შეიტანოს ნებისმიერი აუცილებელი წვლილი ომის მშვიდობიანი გზით მოგვარებაში.