თურქეთი და სომხეთი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სპეციალურ წარმომადგენლებს დანიშნავენ
თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის საჭირო ნაბიჯების განსახილველად ორივე მხარე სპეციალურ წარმომადგენლებს დანიშნავს, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, თურქეთმა და სომხეთმა შესაძლოა, განაახლონ ჩარტერული რეისები სტამბოლსა და ერევანს შორის. გარდა ამისა, თურქი დიპლომატის თქმით, ოფიციალური ანკარა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის საჭირო კოორდინაციას უზრუნველყოფს.
თურქულ მხარეს გამოეხმაურა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. საგარეო უწყების პრესმდივნის ვაან უნანიანის განცხადებით, სომხეთი, ისევე, როგორც ადრე, მზადაა თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზების პროცესისთვის წინაპირობების გარეშე, რაც ოფიციალური ერევნის ხელისუფლების პროგრამაშია გაწერილი.
„ამასთან დაკავშირებით დადებითად ვაფასებთ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე და ვადასტურებთ, რომ სომხური მხარე ასევე დანიშნავს სპეციალურ წარმომადგენელს ამ დიალოგში“, – განაცხადა ვაან უნანიანმა.