თურქეთი და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ ლიბიის კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტა დაუშვებელია
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი ქვეყანა გააგრძელებს ერთობლივ ძალისხმევას, მათ შორის მეომარი მხარეების წახალისებას, რომ ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტისთვის პირობები შეიქმნას.
მაღალი დონის კონსულტაციებზე, ანკარა და მოსკოვი, ასევე შეთანხმდნენ, რომ მხარს დაუჭერენ შიდა ლიბიურ პოლიტიკურ დიალოგს, რომელიც გაერო-სთან კოორდინაციით, ბერლინის 2020 წლის კონფერენციასთან შესაბამისობაში უნდა იყოს.
თურქეთის და რუსეთის შეთანხმება მოიცავს გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარებით უზრუნველყოფას და ლიბიის საკითხზე ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნას.
კონსულტაციის მეორე რაუნდი, უახლოეს მომავალში, მოსკოვში გაიმართება.
ლიბიის გაერო-სგან აღიარებულ მთავრობას თურქეთი უჭერს მხარს, რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია, „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები კი, ამბოხებული გენერლის, ხალიფა ჰაფთარის მხარეს იბრძვიან.