თურქეთი ჩინეთს მუსლიმთა პატიმრობის ცენტრების დახურვისკენ მოუწოდებს.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ჰამი აკსოის განცხადებით, ჩინეთის ხელისუფლების მიერ თურქი უიღურების წინააღმდეგ შემუშავებული სისტემატური ასიმილაციის პოლიტიკა, კაცობრიობის უდიდესი სირცხვილია.
თურქეთის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ საპატიმრო ბანაკებში და ციხეებში თვითნებურად დაკავებული ერთ მილიონზე მეტი თურქი უიღური წამების და პოლიტიკური ტვინის რეცხვის ობიექტია.
ოფიციალური ანკარა საერთაშორისო საზოგადოებას და გაეროს საჭირო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.
ჩინეთის ხელისუფლება თურქეთის ბრალდებებს უარყოფს და უსაფუძვლოს უწოდებს. ქვეყნის დასავლეთში, „დე-რადიკალიზაციის“ პროგრამის გამო, ჩინეთი კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გახდა.