თურქეთი აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში მოგზაურობის მსურველ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს
თურქეთი აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში მოგზაურობის მსურველი მოქალაქეებისთვის გაფრთხილებას აქვეყნებს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებებში ვკითხულობთ, მიზეზად უცხოელების მიმართ მზარდი ინციდენტები, რასისტული თავდასხმები და რელიგიური შეუწყნარებლობა სახელდება, რის მაგალითადაც მოყვანილია აშშ-ის ქალაქებში საპროტესტო აქციები, რომლებიც პოლიციის მიერ ძალადობის შედეგად დაღუპული ტაირ ნიკოლსის შემთხვევას მოყვა.
„შემჩნეულია, რომ ბოლო პერიოდში აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ თავდასხმებს უცხოელების მიმართ რასისტულ ნიადაგზე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყება მოუწოდებს აშშ-ში მცხოვრებ და მოგზაურობის მსურველ თურქეთის მოქალაქეებს, თავი აარიდონ დემონსტრაციებს.
კიდევ ერთ განცხადებაში კი სამინისტრო აღნიშნავს ევროპის ზოგიერთ ქალაქში მზარდ ანტიისლამურ, ქსენოფობიურ და რასისტულ ქმედებებს, ასევე ტერორისტულ ორგანიზაციებთან აფილირებული ჯგუფების მიერ თურქეთის წინააღმდეგ პროპაგანდისტულ დემონსტრაციებს.
„ეს მოვლენები ასახავს რელიგიური შეუწყნარებლობის სახიფათო მასშტაბებსა და ზიზღს ევროპაში, მკაფიოდ ავლენს საგანგაშო დონეს, რომელსაც მიაღწია ევროპაში რასისტულმა და დისკრიმინაციულმა მოძრაობებმა“, – ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტრო ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, მიმართონ უსაფრთხოების ადგილობრივ ძალებს და იმოქმედონ მშვიდად ქსენოფობიური ან რასისტული შევიწროებისა თუ თავდასხმისას, ასევე თვალი ადევნონ ადგილობრივ მედიასაშუალებებს და დაიცვან პოლიციის, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საელჩოებისა და საკონსულოების მიერ გამოცემული გაფრთხილებები.